logo
ENG



მსოფლიო ლიდერები: კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე ცხოვრება ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება

15 აპრ 202020:56
3 წუთის საკითხავი
clock 465

მსოფლიო ლიდერები აღიარებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე ცხოვრება ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება. ინფიცირებულთა გლობალურმა მაჩვენებელმა 2 მილიონს გადაჭარბა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 130 ათასს უახლოვდება. პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ოფიციალური ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას წყვეტს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საერთაშორისო გაერთიანების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ლიდერები ამბობენ, რომ ბრალდებები არსებულ კრიზისს ვერ დაეხმარება და მის დასაძლევად ძალების გაერთიანებაა საჭირო.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების დროებით შეწყვეტის შესახებ, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეერთებული შტატები, რომელსაც ჟენევაში ბაზირებული ორგანიზაციის ბიუჯეტში სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტი შეაქვს, დაფინანსებას შეაჩერებს, ვიდრე კოვიდ 19-ის პანდემიის მართვაში, ამერიკა ჯანმოს ხარვეზებს შეაფასებს. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერ კიდევ დეკემბერში არსებობდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუძიებია.  

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც შეერთებულ შტატებში ისე საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ტრამპის გადაწყვეტილების გამო ღრმა სინანული გამოთქვა. 

ტრამპის ინიციატივას დღესვე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.  

კრიტიკით უპასუხეს დონალდ ტრამპს ჩინეთის საგარეო უწყებაში. სამინისტრომ მოუწოდა ვაშინგტონს, მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს. 

ვაშინგტონის ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტიერესის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ არის იმის დრო, ვირუსთან ბრძოლის პერიოდში რესურსები შეუმცირდეს ჯანდაცვის მსოფლიო ან რომელიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციას. გაეროს გენერალურმა მდივანმა ვირუსის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანობისკენ მოუწოდა. 
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა „მაიქროსოფთის“ დამფუძნებელმა ბიზნეს მაგნატმა ბილ გეითსმა. 

დღესვე ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი განზრახვის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ მასტიმულირებელი ფინანსური დახმარების ჩეკებზე, რომლებიც  ამერიკელებს ეგზავნებათ, მისი სახელი და გვარიც დააწერონ. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა. მოგვიანებით კი ინფორმაცია ადმინისტრაციიდან წყარომ CNN-ს დაუდასტურა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შემოსავლების სამსახურის ჩეკებზე პრეზიდენტის სახელი და გვარი უნდა ეწეროს.


close დახურვა