მსოფლიო ახალ რიტმზე გადადის. მოქალაქეები ვირუსის პირობებში ცხოვრებას სწავლობენ, მათ შორის არიან ემიგრანტი ქართველებიც.
ესპანეთი საგანგებო რეჟიმისთვის ემზადება. მოსახლეობამ უკვე იცის, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები იმუშავებს. ქართველი ემიგრანტები ბარსელონაში დღეს წირვას მაინც დაესწრნენ, თუმცა წირვაზე უჩვეულოდ ცოტა ხალხი იყო.
ქართველი ემიგრანტი სოსო თათხაშვილი ოჯახთან ერთად ბარსელონის გარეუბანში ცხოვრობს. კატალონიიდან ის მაღაზიის ცარიელი დახლების კადრებს გვიგზავნის და ამბობს, რომ ოჯახისთვის საჭირო პროდუქტი სურსათში თითქმის აღარ იშოვება.
კორონავირუსმა ცხოვრება შეცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სანდრო თაქთაქიშვილი "ფორმულასთან" საუბარში ყვება, რომ ვაშინგტონში, ნასას კოსმოსური ფრენების ცენტრში ჯერ კიდევ მუშაობს, სამსახურშიც დადის, თუმცა ვარაუდობს, რომ მომავალი კვირიდან დისტანციურ სამუშაოზე გადავა. მისი თქმით, შესამჩნევი პანიკა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ვაშინგტონში არ შეინიშნება. ემიგრანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების დისციპლინა დანარჩენი სამყაროსთვისაც სამაგალითოა.
სახლში დაბრუნებას აპირებს ნიუ-იორკის ბარტ კოლეჯის სტუდენტი ნინა ბახტაძეც. უნივერისტეტში არდადეგები გამოცხადდა, თუმცა ამ დრომდე ბახტაძე კამპუსში რჩება, სტუდენტთა დიდმა ნაწილმა კი კამპუსები უკვე დატოვა.
კიდევ ერთი გმირი ქართველი ექიმი - ინფექციონისტია. ის ოკლაჰომა სიტის ფედერალურ კლინიკაში მუშაობს. მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჯერ არ შეუყვანიათ, თუმცა ქართველი ექიმი პაციენტებს უკვე ელოდება, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი ახალ ფაზაში შევიდა და შიდაგავრცელება უკვე დაიწყო.
თუ მსოფლიო მოსახლეობა ერთმანეთისგან დისტანცირდება, სპეციალისტები ვირუსის დაძლევას რამდენიმე თვეში ვარაუდობენ და ამბობენ, რომ დისტანცია და თვითიზოლაცია ყველაზე უკეთესი საშუალებაა ამ დროს. მანამდე ქვეყნებმა ერთმანეთს საკუთარი დაგროვილი გამოცდილება უნდა გაუზიარონ და დროებითი ეპიდემიის პირობებში ცხოვრება ისწავლონ.