"შეზღუდვების შესუსტების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემია გრძელდება", - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისში გააკეთეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, უსაფრთხოების ზომებისა და ყველა შეზღუდვის დაცვა აუცილებელია. შიდა აკრძალვები ნაწილობრივ გააუქმა 22-მა ევროპულმა ქვეყანამ.
ესპანეთში ბოლო 10 დღის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებას 248 ადამიანი ემსხვერპლა. 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გერმანიაში 153, ბელგიაში 170, ნიდერლანდებში 145, შვედეთში კი 107 ადამიანი გარდაიცვალა.
დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 21 ათასს აჭარბებს. მათ შორის 82 მედიკოსია. რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსი 960 სამხედროს დაუდასტურდა. პანდემიამ იმსხვერპლა მოსკოვის ეპარქიის დეკანოზიც. პანდემიის პიკმა უკვე გადაიარა თურქეთში, თუმცა შემზღუდავი ზომები კვლავ ძალაში რჩება.
პანდემიის შეჩერებაზე საუბრობენ სამხრეთ კორეაში, სადაც ბოლო 24 საათში დაავადების არც ერთი ახალი შემთხვევა გამოვლენილა. კორონავირუსისგან თავისუფალ პირველ ზონად გამოცხადდა ავსტრალიის ერთ-ერთი რეგიონი და ქალაქი კანბერა.