307 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნებმა პანდემიის მეორე ტალღისთვის უნდა დაიწყონ მზადება, ევროპაში კი საზღვრების ეტაპობრივ გახსნას იწყებენ.
ორმილიონიანი სლოვენია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის პანდემია დასრულებულად ოფიციალურად გამოაცხადა. ქვეყანაში აღარ მოქმედებს კარანტინი და ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასვლა შესაძლებელია.
ქვეყანაში შესვლის ამკრძალავი ნიშნები დილიდან აიღეს ესტონეთის საზღვარზეც. ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ შიდა მიმოსვლა აღადგინა, მაგრამ სხვა ქვეყნიდან ჩასული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო რჩება. შიდა მიმოსვლის აღდგენის შესახებ მემორანდუმს ხელი ლატვიის ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი ორმეტრიანი დისტანციის წესის დაცვით მოაწერეს.
შენგენის ზონასთან საზღვრების ეტაპობრივ გახსნას იწყებენ გერმანია და ავსტრია. მიმოსვლა სრულყოფილად ორ ქვეყანას შორის ერთ თვეში აღდგება და ეს იქნება ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრების გახსნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ავსტრიაში დღეიდან გაიხსნა რესტორნები და კაფე-ბარები.
რუსეთში კვლავ იზრდება კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მოსკოვის მერი აცხადებს, რომ ეპიდემიის მასშტაბი ბევრად დიდია, რადგან ინფიცირებულებში დაავადება უსიმპტომოდ მიდის. ამის გამო ანტისხეულებზე მოსახლეობის ტესტირება დაიწყეს.
ესპანეთმა 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო გახადა ქვეყანაში ჩასული უცხოელებისთვის. ხელისუფლება ამ ზომას ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად მიმართავს. წინა დღეებთან შედარებით ქვეყანაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებმა რამდენიმე ერთეულით მოიმატა და 138 შეადგინა.
კორონავირუსის პანდემიის გამო მასობრივი შეკრებები ივნისის შუარიცხვებამდე იკრძალება ნორვეგიაში. ამის გამო ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ქვეყანაში შეზღუდულ პირობებში უწევთ. ნორვეგიის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად სპეციალურად 17 მაისის აღსანიშნავად სოციალური დისტანციის წესების დაცვით საცეკვაო ნომერი მოამზადეს და ვიდეოც ჩაწერეს.