მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4.5 მილიონს გადააჭარბა. მათგან 7100-ზე მეტი საქართველოში დაიღუპა.
100 ათას მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზე საქართველოა.
სულ მსოფლიოში COVID 19-ის 216 766 751 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 540 ათასზე მეტი საქართველოში.
ამ ეტაპზე მსოფლიოში კორონავირუსი ერთდროულად 18.5 მილიონ ადამიანს აქვს. მათი 99.4% მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
კორონავირუსის გართულებებისგან და სიკვდილისგან აცრა იცავს.
მსოფლიოში ვაქცინის 5.2 მილიარდი დოზა გაკეთდა.
აცრა არ იცავს დაინფიცირებისგან, თუმცა, ადამიანებს ეხმარება ვირუსის მსუბუქად გადატანაში. ის რეკომენდირებულია ორსულებისთვის და უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის ფეხმძიმობის ყველა ვადაზე.
საქართველოში ამ ეტაპზე 3 სახეობის ვაქცინაა ხელმისაწვდომი: ფაიზერი, სინოვაკი და ასტრაზენეკა 45 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის.
მეოთხე დასახელების - სინოფარმის ვაქცინაზე ამ ეტაპზე დარეგისტრირება მხოლოდ მეორე დოზაზეა შესაძლებელი.
- აცრაზე დასარეგისტრირებლად გამოიყენეთ ბმული: booking.moh.gov.ge
- რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.
- აცრა კეთდება რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგითაც.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ლოს-ანჯელესში კორონავირუსით ინფიცირების 43 127 შემთხვევიდან სრულად აცრილი იყო 10 895 ადამიანი (25.3%), 1 431 (3.3%) - ნაწილობრივ აცრილი და 30 801 (71.4%) - საერთოდ აუცრელი.
25 ივლისის მონაცემებით, აუცრელ პირებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო შესაბამისად 4.9 და 29.2-ჯერ მეტი, ვიდრე სრულად აცრილ პირებში.
კვლევის თანახმად, 16 წელს ზემოთ აცრილ ადამიანებში გაცილებით ნაკლები იყო COVID-19 ჰოსპიტალიზაციის, მექანიკური ვენტილაციის საჭიროებით ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრის ან გარდაცვალების რისკი იმ დროისათვის, როდესაც SARS-CoV-2-ის დელტა შტამი დომინანტი გახდა.
ამ პერიოდში მკვეთრად მოიმატა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა, თუმცა, ვირუსი ძირითადად აუცრელ ადამიანებს დაუდასტურდათ.
აცრასთან ერთად აუცილებელია პირბადის ტარება და ხელების ხშირად დაბანა.
ამ პერიოდში მკვეთრად მოიმატა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა, თუმცა შემთხვევები ძირითადად აუცრელ პირებში გამოვლინდა.