კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 3.5 მილიონს გადააჭარბა. აქედან 247 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მილიონ 200 ათასს აღწევს. ევროკავშირი აცხადებს, რომ ვირუსის გადაცემის პიკმა გადაიარა. ახლა ევროპის ლიდერები ვაქცინის შესაქმნელად 8 მილიარდი ევროს მოძიებას ცდილობენ. პარალელურად, მთელი რიგი ქვეყნები შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებენ.
იტალიაში დღეიდან ნათესავებს ერთმანეთთან შეხვედრის უფლება მიეცათ. ქვეყანაში ორთვიანი კარანტინის შემდეგ შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა. მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება რეგიონებში, აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. გაიხსნა მაღაზიების ნაწილიც და პარკებიც. კორონავირუსმა იტალიაში 29 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
კორონავირუსით 7 ათას 924 ადამიანი დაიღუპა ბელგიაში, რომელმაც დღეიდან ასევე კარანტინიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. გაიხსნა ქსოვილების მაღაზიები და მუშაობა განაახლა იმ ბიზნეს დაწესებულებებმა, რომლებსაც მომხმარებლებთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვთ. სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ვინც ამ წესს დაარღვევს 250 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც დღეიდან კარანტინის შემსუბუქება დაიწყო საბერძნეთია. მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ გარეთ გასვლის ოფიციალური ნებართვა. მათთვის დღეიდან გაიხსნა სალონები, მაღაზიების ნაწილი და სანაპიროები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაქცინის შექმნას წლის ბოლოსთვის პროგნოზირებს. ლინკოლნის მემორიალთან ორ საათიანი ინტერვიუ დონალდ ტრამპმა ჩინეთის კრიტიკას დაუთმო და განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ დროულად იმოქმედა და მიმოსვლის შეჩერებით ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
დღეს კორონავირუსის პანდემიის მორიგი ეპიცენტრი რუსეთია. ზედიზედ მეორე დღეა ქვეყანაში დაინფიცირების 10 ათასზე მეტი შემთხვევა დასტურდება. მოსკოვი მეხუთე კვირაა კარანტინშია და 9 მაისის აღლუმისთვის საჰაერო ძალები რეპეტიციას გადიან.