უბედური შემთხვევა ფონიჭალაში, მაშველებმა მტკვრიდან ორი ბავშვი ამოიყვანეს, აქედან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „ფორმულასთან“ თვითმხილველები აცხადებენ, დედა ორ შვილთან ერთად სეირნობდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მცირეწლოვანის დასახმარებლად მდინარეში დედა და და შევიდნენ, მაგრამ მათაც დასჭირდათ დახმარება.
„პატარა ბავშვი ჩავარდა წყალში. მაგის უკან დედა - ცურვა არ იცის და დედის უკან უფროსი ქალიშვილი. გოგო ცოცხალია 11 წლის ბავშვი გადავარჩინე. მერე წავედი ქვევით და ვერ ვიპოვე პატარა. მერე ამოტივტივდა, ძირს იყო. სამაშველოს ბიჭებმა ამოიყვანეს“, - აცხადებს თვითმხილველი.
ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომელმა „ფორმულას“ განუცხადა, რომ გარდაცვლილის დედის და დის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„როგორც გადმოგვცეს დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდაცვლილი 6 წლისაა. თამაშობდნენ აქ ბავშვები“, - განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.
გარდაცვლილის და რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც რეფერალურ საავადმყოფოში „ფორმულას“ განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
„იყო უგონო მდგომარეობაში. ამჟამად გარკვეული პარამეტრების სტაბილიზაცია მოხერხებულია. ჩატარებულია კვლევები - ნაწილის პასუხი გვაქვს და ნაწილს ველოდებით. მაგის მიხედვით პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გატარდება. მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია“, - აცხადებენ საავადმყოფოში.
უბედური შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.