ლევან ხაბეიშვილის ცემის შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წევრები საკრებულოს შენობის გარეთ არიან შეკრებილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაც სურდათ, თუმცა ისინი არ შეუშვეს. საკრებულოსთან არიან მოძრაობა „შეცვალესა“ და მოძრაობა გაბედეს წევრებიც.
„გვინდა მოვინახულოთ ჩვენი თანამებრძოლი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქართული ოცნება საკრებულოს შენობაში. გადარაზეს ყველაფერი, არცერთ ადამიანს არ უშვებენ შიგნით, გარდა ქართული ოცნების წარმომადგენლებისა, რომელთაც ჩუმად აპარებენ სხვადასხვა შესასვლელებიდან. თბილისელებისთვის ეს საკრებულო არის ჩაკეტილი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პოლიციელებს ყოველდღე აიძულებენ, რომ მათთან დაახლოებული ადამიანები პოლიციელებმა გაათავისუფლონ. დეკანოიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ პოლიციელებს პატივს არ სცემს.
„პოლიციელებს ყოველდღე აიძულებენ, რომ მათ შორის იზორიები, იზორიას ძმები, კალაძის მეგობრები და ა.შ. გაუშვან დანაშაულის ადგილიდან ,შემდეგ ბოდიში მოახდევინონ და ამ პოლიციის ფორმას პატივს არავინ არ სცემს. ეს არის მთელი რეალობა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის ცემა კახა კალაძემ თავისი ხელის ბიჭებს და ზონდერებს დაავალა.
„პირდაპირი დავალება არის კალაძის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ როგორი ფორმით მოხდა ეს. ეს დეპუტატები სინამდვილეში ჩვეულებრივი ზონდერები - კალაძის ხელის ბიჭები არიან, რომელთაც დაავალა კალაძემ რომ დაესაჯათ ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ საჯაროდ სხდომაზევე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მურთაზ ზოდელავამ.