logo
ENG



მურუსიძე: ალბანეთში, უკრაინაში მოსამართლეთა შემოწმება კეთილსინდისიერების მიხედვით არ ხდება

24 მარ 202412:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/24/76ei0w0lo21ngk0.jpg

უვადო მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე საქართველოში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინააღმდეგია.

მურუსიძის თქმით, "ალბანეთსა და უკრაინაში მოსამართლეთა შემოწმება კეთილსინდისიერების მიხედვით არ ხდება".

"ვეტინგთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, როცა რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლაზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში, საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე და აქ, ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში, უკრაინაში და ახლა ხორციელდება მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად, ფაქტიურად, მოხდა სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ", - ამბობს მურუსიძე.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.


close დახურვა