ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით მუჯირი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისის მერს კახა კალაძეს საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე დასასწრები სამი საშვი ჰქონდა. მუჯირი არ აკონკრეტებს ამ საშვების დახმარებით მოახერხა თუ არა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ მატჩზე დასწრება.
მუჯირის თქმით, მატჩზე დამსწრეთა სია უეფა-სთან იყო შეთანხმებული. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს სურდა მატჩზე დასწრება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინდელი მარცხის შემდეგ მედიასაშუალებები ამ კითხვით იწყებთ... არის ოფიციალური სია, რომელიც უეფა-სთან შეთანხმდა. ქალაქის მერი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. უეფა-სთან შეთანხმებით ჩვენ, ისევე როგორც ჩრდილოეთ მაკედონიას გვქონდა კვოტები. კახა კალაძეს ჰქონდა სამი საშვი, უეფა-სთან შეთანხმებით. სამწუხაროა, რომ მთავრობის წარმომადგენლებსა და ქალაქის ხელმძღვანელებს მხოლოდ 3 საშვი გადაეცა", - აცხადებს მუჯირი.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ქართველებმა კი მატჩი წააგეს და ევროპის ჩემპიონატის გარეშე დარჩნენ. ამასთან სტადიონზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.