logo
ENG



მშვენიერაძე: რასაც პროკურატურა ითხოვს TV პირველში არ ინახება, რომ იყოს, მაინც არ გადავცემთ

11 მარ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 

TV პირველის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე იმ განჩინებაში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობს, რომლითაც სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა.  

როგორც მშვენიერაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული ინფორმაცია აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოებს უფლებამოსილება არ აქვთ, წყაროს გამჟღავნება მოითხოვონ.

"ეს მოთხოვნა არ გულისხმობს მხოლოდ ვერბალურად, ანუ მოწმის ჩვენების მიცემის სახით წყაროს გამჟღავნებისგან თავის შეკავების შესაძლებლობას. ეს მოიცავს ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გადაცემისგან თავის შეკავებას, რომელმაც შესაძლებელია ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება გამოიწვიოს.

უფრო დეტალურად ამ საკითხს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს, რომელმაც ეს გარანტიები კარგად ასახა მის 50-ე მუხლში და თქვა, რომ არ შეიძლება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოწმედ იქნეს დაკითხული ჟურნალისტი იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია კონფიდენციალური წყაროდან ინფორმაციის მიღებასთან ან მას მოეთხოვოს რაიმე საგნის, მტკიცებულების ან რაიმე დოკუმენტის გადაცემა საგამოძიებო ორგანოსთვის", - განაცხადა მშვენიერაძემ.

რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას იმ "მატარებლის" ამოღებაზე, რომელზეც სატელეფონო საუბარია ჩაწერილი, მშვენიერაძე ამბობს, რომ ის ტელეკომპანიაში არ ინახება და რომ ინახებოდეს, საგამოძიებო უწყებას არც ამ შემთხვევაში გადასცემდნენ.

"ჩვენ ვნახეთ რომ პროკურატურამ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და მოითხოვა არა თავად აუდიოჩანაწერი, რომელზეც შეიძლება ექსპერტიზა ჩატარდეს, არამედ ის მატარებელი [ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა], რაზეც არის ჩაწერილი. ერთია ის, რომ ეს მატარებელი ტვ პირველში არ ინახება და ვერ გადასცემს და მეორე, კიდეც რომ ინახებოდეს მაინც არ გადავცემთ, რადგან ასეთი მოთხოვნის უფლება პროკურატურას არ გააჩნია. ამ ფონზე ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება მოსამართლის მიერ ამოღების განჩინებაში ჩაწერილი ტექსტი, რომ პროკურატურას შეუძლია პროპორციული ძალის გამოყენება", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოსამართლის განჩინებაში კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც არ არის გათვალისწინებული.

"გარდა ამისა, კანონი მოითხოვს, რომ სასამართლომ განჩინებაში უნდა მიუთითოს სად ტარდება ტერიტორიულად, რომელ უძრავ/მოძრავ ქონებაში ამოღება განჩინებაში უნდა იყოს აუცილებლად მითითებული თუკი ცნობილია ვინაობა ვისთან ინახება ან სად ინახება ამოსაღები ნივთი. არცერთი მათგანი განჩინებაში არ არის მითითებული. ამ განჩინებით ფაქტობრივად ნიშნავს რომ პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიადგეს და უთხრას, შენ ხომ არ გაქვს ეს და უნდა მომცე. წარმოუდგენელია ასეთი რამ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა. 

ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

 

close დახურვა