logo
ENG



მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, ჩემს გვერდით ღმერთი დგას - თორნიკე შენგელია

11 ივლ 202013:38
3 წუთის საკითხავი
clock 1354
c3nwzdi6uym8saw.jpg

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მის მიერ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის კრიტიკას პასუხობს.

კალათბურთელი წერს, რომ "რთულია, რამე აუხსნას ადამიანს, როცა არაფრის მოსმენა სურს":

"ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა, რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.

და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ, რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე”, - წერს შენგელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისი განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

შენგელიას ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია. 

თავად შენგელია ამბობს, რომ ის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ “ცსკა”-სთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს. 

სპორტსმენის რუსულ გუნდში ტრანსფერს მისი მამაც გამოეხმაურა. კახა შენგელიას თქმით, 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სასიხარულო და მოსალოცი ამბავია. 

 

გარდა ამისა, მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, თორნიკე შენგელია ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას. 


close დახურვა