logo
ENG



მშვილდაძე: მუმლაძე ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის დროს სხვას უთვალთვალებდა

24 ივლ 202320:33
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი, სუს-ის თანამშრომელი გიორგი მუმლაძე ამტკიცებს, რომ თავდასხმის ადგილის მიმდებარედ არა მშვილდაძეს, არამედ სხვა ადამიანს უთვალთვალებდა.

მიშა მშვილდაძე მუმლაძის ამ ჩვენებას თავად გაეცნო, თუმცა ჩვენების ასლი მას არ გადასცეს.

მშვილდაძის თქმითვე, კამერებში ასახული მუმლაძის გადაადგილება ჩვენებას აბათილებს და ჩანს, რომ სუს-ის თანამშრომელი თავდასხმის მომენტს ხედავდა.

"მისი ჩვენების ასლი არ გამომატანეს ჯერჯერობით, მაგრამ მე თვითონ წავიკითხე, გავეცანი და შემიძლია ვისაუბრო. აცხადებს, რომ ნამდვილად იყო აქ რაღაც საიდუმლო დავალებაზე და ვიღაცას უთვალთვალებდნენ. ვის უთვალთვალებდნენ, ამას არ ამბობს, მაგრამ ამბობს, რომ მე არ (მითვალთვალებდნენ). კადრებშიც გვაქვს ნანახი, როგორ ჩადიან ქვემოთ თავდასხმის დროს და ყველაფერს ხედავენ. ცხადია, ეს არის ტყუილი, რომ სხვა დავალებაზე იყვნენ, მაგრამ ეს არის ერთადერთი, რაც შეუძლიათ თქვან, აღიარების გარდა"- ამბობს მშვილდაძე.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.


close დახურვა