logo
ENG



მშვილდაძე: ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაცილებით ბევრი რამ დაადგინა, ვიდრე უშუალოდ გამოძიებამ

30 ივლ 202312:49
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, ჟურნალისტურმა გამოძიებამ მასზე თავდასხმის საქმეზე გაცილებით ბევრი რამ დაადგინა, ვიდრე უშუალოდ გამოძიებამ.

"ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაცილებით ბევრი რამ დაადგინა და გაცილებით ბევრი რამ მოიტანა, ვიდრე ამ გამოძიებამ... კონკრეტული ამბავია, კონკრეტული ინფორმაცია არის გაჟღერებული და პირდაპირ ეს ხალხი. გამოძიებას შეუძლია ძალიან მარტივად, ზუსტად 5 წუთში დაადგინოს ეს სქემა, უბრალოდ, ამ პირებს შორის კავშირები უნდა დაადგინოს ტელეფონებით და სხვადასხვა საშუალებებით", - ამბობს მშვილდაძე.

გუშინ, შაბათის ფორმულამ ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილე ახალ ფიგურანტებს გარდაბნის რაიონში მიაგნო. ერთ-ერთი ირაკლი ელისაშვილია - ახალგაზრდა კაცი სოფელ გამარჯვებიდან. ის მშვილდაძეზე თავდასხმას ტელეფონით იღებდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ელისაშვილი, თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთ ფიგურანტთან ერთად ჩანს. ელისაშვილის მსგავსად, გულადი შეთეკაურიც სოფელ გამარჯვებიდანაა და მის მეზობლად ცხოვრობს.

კონფიდენციალური წყარო ყვება, რომ გარდაბნელების გარდა, სპეცოპერაციაში გლდანელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ და რომ მათი მობილიზება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვინმე ნიკოლოზ ოშაყმაშვილს დაავალა. განისაზღვრა თანხაც - 100 000 ლარი ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის ცემის სანაცვლოდ.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.


close დახურვა