logo
ENG



შაბათის ფორმულამ მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის კიდევ ერთი ფიგურანტის ვინაობა დაადგინა

08 ივლ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის კიდევ ერთი ფიგურანტის ვინაობა დაადგინა - ეს გულადი შეთეკაურია. ფორმულას ინფორმაციით, შეთეკაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტურას წარმოადგენს. სწორედ შეთეკაურია ის პირი, რომელმაც მშვილდაძეს შეაგინა, როცა ნიკოლოზ გუგეშაშვილი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

შეთეკაურის მონაწილეობა თავდასხმაში სუპერმარკეტ კარფურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება. შაბათის ფორმულამ შეთეკაური ჩაწერა - 42 წლის კაცი ირწმუნება, რომ არც მშვილდაძეს იცნობს და ვაჟა-ფშაველას გამზირზეც იმ დღეს შემთხვევით მოხვდა. შეთეკაური ვერ იხსენებს ადამიანს, რომელსაც მისი ვერსიით გარდაბნის სოფელ გამარჯვებიდან, ანუ საცხოვრებელი სახლიდან ლისის მიმდებარედ სამსახურის საძებნელად გაჰყვა. სპეცოპერაციაში მონაწილე პირი უარყოფს იმასაც, რომ მშვილდაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამასთან, ეს ფაქტი უკვე დაკავებული ნიკოლოზ გუგეშაშვილის ჩვენებაში ფიქსირდება.

გარდა ამისა, შეთეკაურის განსაკუთრებული გაღიზიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხსენებამ გამოიწვია.

საქმეს კიდევ ერთი ფიგურანტი, სუს-ის ფოტოგრაფი დავით შალიკაშვილი ჰყავს. ის თავდასხმამდე რამდენიმე წამით ადრე შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა შალიკაშვილი ამტკიცებს, რომ არც სუს-ში მუშაობს და არც სპეცოპერაციის მონაწილეებს იცნობს.

ახალი დეტალები გამოიკვეთა იმ ავტომობილებზეც, რომლებიც ფორმულას დამფუძნებლის თავდასხმის საქმეში მონაწილეობდნენ. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ეს ავტომობილები სუს-ის ოპერატიული მანქანებია.

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას, 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.

 

 


close დახურვა