logo
ENG



მხოლოდ ფეისბუკის რამდენიმე პოსტი - პრემიერი საზოგადოებასთან არ ჩნდება

12 თებ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფორმალური ადრესატი საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია მედიასთან არ ჩანს. პრემიერი ბოლო ორი კვირაა იქაც ვერ ხედავენ, სადაც მისი მისვლა ანონსდება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და რეპრესიებში ადანაშაულებენ, ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირს განმარტებების გაკეთება არ სურს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებიან, რომ პრემიერი მასშტაბურ პროექტზე მუშაობს, საზოგადოებაში კი გამძაფრდა მოლოდინი იმ სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც გავრცელებული ინფორმაციით, გახარია პოსტს და გავლენებს კარგავს. ორი კვირის განმავლობაში გახარიას აქტივობა მხოლოდ ფეისბუკზე რამდენიმე პოსტით შემოიფარგლა. ელოდებოდნენ, მაგრამ არ მივიდა მარნეულში, ეკონომიკის სამინისტროს ღონისძიებაზე. გახარია არც დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშს დასწრებია. 

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვითარებაში, როცა ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის და პოლიტიკური პატიმრების რიცხვი იზრდება, მნიშვნელობა არ აქვს, სად არის პრემიერი.  
არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის გახარიას დუმილი მაშინ, როცა საერთაშორისო პარტნიორები კრიტიკულ წერილებს ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ისინი ფიქრობენ, რომ პრემიერის დღეები დათვლილია და ივანიშვილი გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს. 

close დახურვა