logo
ENG



ნადირაშვილი: იმედია, ივანიშვილი თავს ბოლომდე არ მოიჭრის და დაპირებას შეასრულებს

21 ივნ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

„კენჭისყრაში მონაწილეობით გვინდოდა ჩაგვეკეტა საშუალება ხელისუფლებისთვის და საზოგადოება მორიგი გადაგდების წინაშე არ აღმოჩენილიყო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნა კვლავ ძალაშია და იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შესრულდება, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მიღწეული ვერ იქნება.

„ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება, როდესაც საჯაროდ იყო გაცემული დაპირება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა ქვეყანა არჩევნების და შემდეგ ივანიშვილმა გადააგდო მთელი ქვეყანა და პოლიტიკური პარტიებიც. შესაბამისად, როდესაც განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას ვიღებდით დღევანდელ კენჭისყრაში, ამით გვინდოდა ჩაგვეკეტა საშუალება, რომ მორიგი გადაგდების წინაშე არ აღმოჩენილიყო მოვლენები. ამიტომ ვთქვით, რომ მონაწილეობას მივიღებდით კენჭისყრაში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ დავტოვეთ დროც, რომ პოლიტიკურმა პატიმარმა, მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუამ დატოვოს საპყრობილე, როგორც ეს არის 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ დაველოდებით და იმედს დავიტოვებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მოიჭრის ბოლომდე თავს და შეასრულებს 8 მარტის ჩარჩოში არსებულ დაპირებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანდება ქვეყანა, ვერ იქნება მიღწეული ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, რადგან ამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. საარჩევნო პერიოდში ჩვენ უნდა შევიდეთ მეტი სტაბილურობით. ამისთვის აუცილებლად ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობდნენ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის მომხრე 136 დეპუტატი იყო, 5 კი, წინააღმდეგი.


close დახურვა