logo
ENG



ნავალნის საქმის გამო, შესაძლოა, რუსეთ-გერმანიის გაზსადენი მილის პროექტი გადაიხედოს

03 სექ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 
1vxnv4aho3ci2b4.jpg

ნავალნის მოწამვლის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგში გაზსადენი მილის პროექტის "Nord Stream 2"-ის წინააღმდეგ მოწოდებები გახშირდა. გერმანელი კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა გააორმაგოს, რუსეთის გავლენას გააძლიერებს და ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებებს დამატებით ბიძგს მისცემს. 

გაზსადენი მილის პროექტის გარშემო დისკუსია მას შემდეგ განახლდა, რაც 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის ხელისუფლებას "მძიმე შეკითხვებზე" პასუხები მოსთხოვა. 

რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს მკაცრად უარყოფს. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა საკითხზე კომენტირებისას გაიხსენა, რომ ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პაციენტის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებების კვალი "ვერ იპოვეს". 

დასავლურმა ქვეყნებმა რუს ოპოზიციონერზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს და მკაცრი საპასუხო ნაბიჯების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. 

"ჩვენ მკაცრი პოლიტიკა უნდა გავატაროთ და პუტინისთვის გასაგებ ენაზე ვუპასუხოთ კრემლს - ბუნებრივი აირით" - განაცხადა რობერტ რეტგენმა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონსერვატორმა თავმჯდომარემ.   

2 სექტემბერს რეტგენმა მედიას განუცხადა, რომ "Nord Stream 2"-ის პროექტის დასრულება "ყველაზე დიდი წაქეზება იქნებოდა პუტინისთვის, მისთვის ჩვეული პოლიტიკის გასაგრძელებლად". 

გაზსადენი მილის ახალი პროექტი "Nord Stream 1", - ის მეშვეობით უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირის მოცულობას გააორმაგებს. პროექტს "Nord Stream AG" ახორციელებს, კომპანია, რომლის უდიდესი წილის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული "გაზპრომია". 

საპროექტო სამუშაოების 90% უკვე დასრულებულია, პროექტის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა კი 2021 წლის აპრილისთვის იგეგმება. 

პროექტის დასრულებას ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაც, რომელიც ევროპაში რუსული გავლენების ზრდას მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საფრთხედ აფასებს. 

ჯერჯერობით უცნობია, დაჰყვება თუ არა გერმანიის კანცლერი კანონმდებლების ნაწილის ზეწოლას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მერკელი პროექტის დასაწყისიდანვე ურყევად უჭერდა მის დასრულებას მხარს.  

გერმანიის კანცლერმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ყველაფერი კრემლის საპასუხო ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა დასძინა, რომ ნავალნიზე თავდასხმის შემთხვევა გაზსადენი მილის პროექტთან არანაირ კავშირში არ არის. 

"თუკი გვსურს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მკაფიო გზავნილი გავაჟღეროთ კრემლის მიმართ, ეკონომიკური ურთიერთობებიც მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა იდოს. შესაბამისად ამ პროცესიდან გაზსადენი მილის პროექტის გამორიცხვა არ შეიძლება", - ამბობს ვოლფგანგ იშინგერი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე და გერმანიის ყოფილი ელჩი აშშ-ში. 

 

 


close დახურვა