იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი უნდა უყარონ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ შეუშვეს. ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მას ჰქონდა ერთჯერადი საშვი და სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი პროცედურა გავლილი ჰქონდა, თუმცა როგორც ის აცხაადებს, მას საკანონმდებლო ორგანოში მაინც არ უშვებენ. ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, მას არ განუმარტეს თუ რის საფუძველზე არ უშვებენ სხდომაზე.
"არანაირი განმარტება არ მოუციათ. გუშინ მქონდა კომუნიკაცია ყველა შესაბამის პირთან. მაგრამ როგორც ჩანს დღეს გადაწყვიტეს, რომ არ შევეშვი. ასე დავდიოდით ყოველთვის პარლამენტში, გვქონდა ერთჯერადი საშვი. თუ ვინმეს აწუხებს მართლმსაჯულების ბედი, გამობრძანდნენ და უარი თქვან მოსამართლეობაზე. ეს არის ღია კომიტეტის სხდომა. ყველა საჭირო პროცედურა გავიარე. როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ყველა ინსტიტუტი იკეტება, თანამდებობის პირებისთვის კი, ღია რჩება“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კანდიდატთა სიას პლენარულ ფორმატში განიხილავენ.