logo
ENG



ნათელაშვილი: მინდა გამოვრიცხო, რომ რომელიმე ოპოზიციონერი სამარცხვინო კანტორაში შევა

08 დეკ 202016:20
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/zclrccnwvx0fccm.jpg

შეერთებული შტატების რეზიდენციაში, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი იმართება.

შეხვედრაზე შესვლამდე ლეიბორისტული პარტიის წევრმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარი 11 დეკემბერს, X მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს უნდა თქვას.

"ვთქვათ, სპორტსმენი რომელიც 4 წელი ემზადება ოლიმპიური შეჯიბრისთვის და უცბად ის ვერ იღებს მონაწილეობას ამ ტურნირში, ხო რთული გადასატანია ფსიქოლოგიურად.
იგივეა პოლიტიკოსებიც - რთულად გადააქვთ ის მომენტი, რომ ამდენი ხანი იბრძოლეს, იშრომეს, ირბინეს, ოფლი ღვარეს და პარლამენტში არ შედიან.

მე მინდა, გამოვრიცხო პრეცედენტი, რომ რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი შევა ამ სამარცხვინო კანტორაში, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს სურს დაამთავროს საქართველოს ისტორია.

მანდატებზე უარი უნდა ითქვას, 11-შივე ე.წ. ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის გახსნას სრულად უნდა დაემთხვას მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა", - თქვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა ოპოზიციური პარტიებიდან ვინმე პარლამენტში შესვლას, ნათელაშვილმა თქვა, რომ "ამწუთიერი ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანია იმაში, რომ პარლამენტი არ უნდა შედგეს, იმიტომ რომ ის არ არჩეულა".

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა