logo
ENG



ნათელაშვილი შეხვედრის შემდეგ: მოთელვაა, მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით

12 ნოე 202016:09
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრიდან გამოსული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ჯერ მოთელვაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ოპოზიციის პოზიცია უცვლელია - ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით.

"მოთელვაა და ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ - პარლამენტში არ შევდივართ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით", - ამბობს ნათელაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს და არის თუ არა ეს შეხვედრა მომზადება მოლაპარაკებებისთვის, ნათელაშვილი პასუხობს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთელვის შემდეგ დგება შედეგები, ვნახოთ, რა შედეგი დადგება. რაუნდები დაწყებულია, ერთი შეხვედრით რომ წყდებოდეს ასეთი გლობალური პრობლემები... მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის", - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ქუჩის აქციები გაგრძელდება. რაც შეეხება პარტიებისთვის დაფინანსების მოხსნას, ნათელაშვილი ამბობს, რომ მათთვის ეს უმნიშვნელოა, მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქვეყანას ჯანსაღი საარჩევნო სისტემა ჰქონდეს.

"ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, აი, წავალთ ამაზეც. არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ მოისყიდის, ვერავინ დააძალებს, ვერავინ გააყალბებს და ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი ჩვენი ხალხისთვის", - აღნიშნა ნათელაშვილმა.

რეზიდენციაში შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ბოლო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ევროკავშირის ელჩი ესწრებიან. 

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.


close დახურვა