"ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული" - დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მორიგ თავდასხმას პასუხობს.
ნაკაიძის თქმით, ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ ქართული ოცნების სახიფათო გზავნილების გადაფარვას მისი დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს.
"ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ბრალს მდებს, ჩემი 20-წლიანი საქმიანობის გამო, რომელიც მუსლიმი თემისა და საქართველოში მცხოვრები სხვა უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ჩემი საქმიანობა ქართული ოცნებისთვის ნამდვილად არის პრობლემატური. რატომ? მხოლოდ ფაქტები:
- 2013 - 2021 წლები - ქართულ ოცნებას არ გაუვიდა, მუსლიმებისთვის შეეზღუდა ნიგვზიანში, სამთაწყაროში, წინწყაროსა და ბუკნარის მეჩეთებში შესვლა;
- 2013 წელი - ქართულმა ოცნებამ სამხედრო და საპოლიციო ძალების გამოყენებით, მოხერხა სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთი, რომელიც 2 თვის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანვე დავაბრუნებინეთ;
- 2014 წელი - სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმი მოქალაქეები მშვიდობიანად ითხოვდნენ ისტორიული შენობის დაბრუნებას, პოლიციამ სასტიკად სცემა შეკრებილი ადგილობრივები, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა, რითაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენა;
- ქართული ოცნება დღემდე, დისკრიმინაციულად, არ გასცემს ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მაგრამ 2017 წლიდან მუსლიმი თემი სახელდახელოდ მოწყობილ მეჩეთში მაინც აღავლენს ლოცვას. ქალაქ ბათუმის მერმა კი, ცინიკურად, ბაირამის დღესასწაულზე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემა დისკრიმინაციულად შეფასდა", - წერს ნაკაიძე.
მისი განცხადებით, ქართულ ოცნებას აღიზიანებს ქართველი მუსლიმების მიერ ხმის ამაღლება უსამართლობაზე; ის, რომ უმცირესობებს საქართველოს პარლამენტში პირველად ჰყავთ მათი პრობლემების გამჟღერებული; ასევე, ღიზიანდება საქართველოს უმცირესობებში მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ზრდით.
დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კვლავ სცადა ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის დისკრედიტაცია და თქვა, რომ ნაკაიძე "პრობლემურია" თავისი საქმიანობით.
***
22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.
პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.
ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებზე შეფასება არ გაუკეთებია სახალხო დამცველს. ლევან იოსელიანმა ნაკაიძესთან დაკავშირებით შეკითხვას არ უპასუხა.