logo
ENG



ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი: პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება და შეინარჩუნა ვითარება

12 აპრ 202116:44
3 წუთის საკითხავი
clock 665
ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი: პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება და შეინარჩუნა ვითარება

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი, მერაბ ლომინაძე, აცხადებს, რომ სამართალდამცველების მოქმედება რიონის ხეობაში არსებული ვითარების შენარჩუნებისკენ იყო მიმართული.

როგორც მერაბ ლომინაძემ განმარტა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა სცდებოდეს საკანონმდებლო ფარგლებს. მან რიონის ხეობაში შეკრებილი მომიტინგეები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კომპანიაში დასაქმებულთა ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

„მინდა გითხრათ, რომ სიტყვის გამოხატვის უფლება ჩვენთვის უპირველესი უფლებაა. მაგრამ ნებისმიერი პროტესტი არ უნდა იყოს ქაოტური და არ უნდა ცდებოდეს საკანონმდებლო ფარგლებს. კომპანია, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და არაერთ საერთაშორისო პროექტს ვასრულებთ, ამას დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ ვუერთდებით წინადადებას, რომელიც პროტესტის ჯგუფმა მიიღო სამართალდამცველებისგან, რომ დავეხმაროთ ახალი ლოკაციის მოწყობაში.

სამართალდამცავებმა, როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესაბამისად, რომ რაც არის მათი ძირითადი ფუნქცია, მოქალაქის უფლებების დაცვა და შეინარჩუნეს ვითარება, რომ არ მოხდა დაპირისპირება, კონფლიქტი", - განაცხადა ლომინაძემ ფორმულას გადაცემა კომენტარში სტუმრობისას.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ხედავს ის არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვის გზებს, ლომინაძემ უპასუხა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებები და მეტი კომუნიკაცია. მისივე თქმით, კონტრაქტისა და დასკვნების განხილვა კარვებში ვერ მოხერხდება.

„ერთადერთი გზა არის საუბარი, კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ დემოკრატიულ, ლეგიტიმურ მშვიდობიან ფორმებში. კონტრაქტის განხილვა კარვების მახლობლად ვერ მოხდება, ვერც საერთაშორისო კომპანიების მიერ გაცემული დასკვნების განხილვა. მოხარული ვიქნები ნებისმიერ დროს მუშა რეჟიმში დავსხდეთ და გავიაროთ", - თქვა ლომინაძემ. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, როდის გასცდა პროტესტი მშვიდობიანის ფარგლებს, რადგანაც სახეზე აშკარად არაძალადობრივი ხერხებით მიმდინარე დემონსტრაციებია, პარალელურად კი პროექტს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პოლიციელები იცავენ. ლომინაძე ამბობს, რომ კომპანიას აქვს ამის დამამტკიცებელი მასალა, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, რა ფაქტებზეა საუბარი.

„უკვე მიწოდებულია ომბუდსმენისთვის შესაბამისი ფაქტები, ვიდეომასალები, სადაც იყო არა უშუალო შეტაკებები, იყო შეხლა-შემოხლა, შეურაცხყოფა. შემიძლია კონკრეტული ფაქტები გადმოგცეთ, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ესკალაციის საფუძველი. კონკრეტულად ვგულისხმობ ბულინგის ფაქტებს, სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის ფაქტებს. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სახალხო დამცველი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს", - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად კმაყოფილია კომპანია პროცესებში ხელისუფლების ჩართულობით და რაიმე სახის დისკომფორტს ხომ არ უქმნის მათ ის ფაქტი, რომ მთავრობა აქტივისტების კითხვებს არ პასუხობს, ლომინაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის დონე ადეკვატურია.

„ერთ რამეს გეტყვის, რომ კომპანია და კონსორციუმი არის ხელშეკრულების მხარე, როგორ შეიძლება მხარე არ იყოს კითხვების ადრესატი, რომლებიც ჩნდება ხელშეკრულების მიმართ. მე მოვუწოდებ დაინტერესებულ პირებს, პოლიტიკური ტემპერატურა დავაგდოთ ამ საკითხის მიმართ და თუ საკითხების გავლა უნდათ და უნდათ პასუხების მოსმენა, მზად ვართ, გავცეთ. შეიძლება, იყოს კითხვები, რომლებზეც ჩვენ არ გვქონდეს პასუხები დაა სახელმწიფოს მხრიდან არის ადეკვატური ჩართულობა და კონკრეტული პირების ჩართვა, იქნება ეს პრემიერი თუ თუნდაც მინისტრი, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ახდენს საკითხის პოლიტიზებას", - პასუხობს ლომინაძე.

აქტივისტებს აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორი ტარიფებით იქნება ელ.ენერგია მიწოდებული - როგორც ისინი ამბობენ, ხელშეკრულების თანახმად, ტარიფმა, შესაძლოა, სამპროცენტიანი ზრდა განიცადოს. ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ კითხვას პროექტის დირექტორმა უპასუხა, რომ მეორე მხარე ამ საკითხით სპეკულირებს და სხვანაირად პროექტი ფინანსურ სარგებელს ვერ ნახავს.

„ისევ და ისევ, პური უნდა აცხოს მეპურემ. როცა ეკონომიკურ სარგებლიანობაზეა საუბარი, მინდა იცოდეს ხალხმა, რომ ელ. ენერგიის იმპორტი პიკურ საათებში, როცა მაღალია მოხმარება, ჩვენი ქვეყანა ყიდულობს დენს 9-დან 10 ცენტამდე. შესაბამისად, გათვალისწინებული 6.2 ცენტი მნიშვნელოვნად დაბალია. სპეკულირებს მეორე მხარე ამ საკითხითაც. დროთა განმავლობაში შემიძლია მოგიყვანოთ სტატისტიკა, როგორ გაიზარდა იმპორტირებულ ელ.ენერგიაზე ფასი და შემდგომ ვისაუბროთ, ინფლაციის ფაქტორი იქნეს თუ არა გათვალისწინებული პროექტში. პროექტი რომ იყოს მდგრადი, პირველ რიგში, ფინანსურად უნდა იყოს მდგრადი და ამას უზრუნველყოფს ტარიფი", - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

 

 

რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა და ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.

პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საია და მწვანე ალტერნატივა ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და აცხადებენ, რომ უხეშად და დაუსაბუთებლად შეიზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას  ეხმაურება სახალხო დამცველიც და ამბობს, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს არა პოლიციელების ხელით, არამედ უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები. 

დღეს ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ENKA გადახნა ტერიტორია, სადაც კარვები იყო განლაგებული.  


close დახურვა