ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მზარდი კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის ფონზე, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლება ეპიდემიასთან საბრძოლველად მზად კვლავ არ არის. არასაკმარისი სამედიცინო აღჭურვილობის და ექიმების სიმცირის გამო კი, მოსახლეობა თავს დაცულად ვერ გრძნობს.
როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი“ უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკმაოდ მწვავე ვითარებაა.
„აუცილებელია ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკვეთრი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ შესთავაზოს ცხინვალს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, იგივე გორში და თბილისში პაციენტების გადმოყვანა, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი არიან ჩვენი თანამოქალაქეები. აუცილებელია, ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული. მდგომარეობა საკმაოდ მწვავეა. შეიძლება ითქვას, რომ არის კრიტიკული. სამედიცინო დაწესებულებებში კრიტიკული მდგომარეობაა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია პროფესიონალი“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის მზაობა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს.
„მოსახლეობას შიში აქვთ. ძალიან დაბალი ხარისხის ტესტები აქვთ, დამზადებულია რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბიოლაბორატორიაში. როგორც აცხადებენ, 60%-მდე ცდომილება აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის მზაობა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს“, - აცხადებს ბენდიანიშვილი.