logo
ENG



ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის მოლოდინში - რას ჰყვება გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

04 დეკ 202120:29
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გუდაურში 27 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის განაჩენი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ. მერაბ კობიაშვილს, რომელიც ავღანეთის რესპუბლიკა ჰელმანდის პროვინციის ასეულის მეთაურია და შეიარაღებული ძალების მაიორი, გამოძიება განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედავება. 

სისხლიან დაპირისპირებას, სროლას, მკვლელობას, დაჭრას - წინ მერაბ კობიაშვილსა და მეორე მხარეს ათამდე ახალგაზრდას შორის სხვა კონფლიქტი უძღოდა. ბრალდებული იხსენებს, რომ ერთი კვირით ადრე გუდაურში შეესწრო ტურისტების ცემის ფაქტს. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით, დგინდება რომ ტურისტების ცემის ფაქტი, ასევე კამათი კობიაშვილსა და ახალგაზრდებს შორის ნამდვილად მოხდა. 

კობიაშვილი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში იხსენებს ყველა დეტალს, რაც გუდაურის ტრაგედიას წინ უძღოდა. ამბობს, რომ ახალგაზრდებს, პირველად ტრაგიკულ ღამემდე ერთი კვირით ადრე ისევ გუდაურში შეხვდა: "ტურისტებს სცემდნენ და გავაშველე, მაშინ არ გვიჩხუბია, მაგრამ ურთიერთობა დაგვეძაბა".

ამ ინციდენტიდან ერთ კვირაში მერაბ კობიაშვილი თაზო გორთამშვილსა და მის სამეგობროს კიდევ ერთხელ ტრაგედიის ღამეს შეხვდება. ვიდეო მასალაში, რომელიც შაბათის ფორმულას დაცვის მხარემ გადასცა ჩანს მათი შეხვედრა, ჩანს ისიც რომ ერთ-ერთს უკვე დაზიანებული აქვს ხელი. კობიაშვილი ამბობს, რომ მათ ჩხუბი სხვა ბარში, მისთვის უცნობ ადამიანებთან მოუხდათ. 

პირველი დაპირისპირება ამ ინციდენტიდან მალევე ხდება. მკვლელობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კობიაშვილი იხსენებს, რომ ბარში ძლიერად ნასვამს გასული კვირის ინციდენტი გაუხსენეს და ფიზიკურად პირველად სწორედ მაშინ შეეხნენ.

საქმეს თანდართული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ უკვე ნაცემი კობიაშვილი მიდის მანქანასთან, ჯდება, ძრავს ამუშავებს და მალევე უკან გადმოდის. უკვე თან აქვს კუთვნილი იარაღი: "იარაღი ავიღე და მივდიოდი ძმაკაცთან, რადგან წასვლა ვერ შევძელი. ავირჩიე სხვა გზა, მათ რომ არ შევხვედროდი". 

შაბათის ფორმულა შეხვდა მოკლულის ოჯახის წევრსაც - მათთვის მერაბ კობიაშვილის ვერსიები არასანდოა და ამბობენ, რომ მას ახალგაზრდების მოკვლა განზრახული ჰქონდა და ელოდებიან გამამტყუნებელ ვერდიქტს. 


close დახურვა