logo
ENG



ნაცვლიშვილი: ინსპექტორის სამსახურის გაუქმება დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასჯის გზავნილია

27 დეკ 202112:23
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს, რეფორმის საფარქვეშ სახელწმიფო ინსპექტორზე დარტყმად და უმრავლესობის მხრიდან დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასჯის გზავნილად აფასებს.

"ქართული ოცნების შვიდი დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სასმსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელწმიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუაციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან, რომ ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და ასევე საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან, საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი წლის წინა კვირაში არის შემოსული ეს ინიციატივა, ის მომზადებულია ყველასაგან ფარულად, თავად ინსპექტორიც ჩართული არ ყოფილა და ინიციატორები ითხოვენ მთელი რიგი კანონების განხილვას დაჩქარებული წესით. ეს კანონპორექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ისნპექტორზე, ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე." - თქვა ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინფორმაციას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ლონდა თოლორაია. მისი განცხადებით, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა