logo
ENG



ნაცისტური კავშირების მქონე უკრაინელი ვეტერანის მიწვევის შემდეგ კანადის სპიკერი გადადგა

27 სექ 202310:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/h9nkw4livo9ug2a.jpg

კანადის თემთა პალატის სპიკერი გადადგა მას შემდეგ, რაც სხდომაზე უკრაინელი ვეტერანი მიიწვია, რომელიც აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მხარეს იბრძოდა.

ენტონი როტა პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სამშაბათს გადადგა.

"უნდა გადავდგე თქვენი სპიკერის თანამდებობიდან. კიდევ ერთხელ ღრმა წუხილს გამოვხატავ", - განაცხადა მან პარლამენტში.

კანადაში უკრაინის პრეზიდენტის ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს როტამ პარლამენტის სხდომაზე 98 წლის იაროსლავ ჰუნკა მიიწვია, რომელსაც "გმირი" უწოდა. პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, უკრაინის პრეზიდენტი და მისი ცოლი, ასევე დარბაზში მყოფი ასეულობით ადამიანი ჰუნკას ტაშით მიეგებნენ. მოგვიანებით ვეტერანის ნაცისტური კავშირების შესახებ გახდა ცნობილი. 

როტას თქმით, მან არ იცოდა ჰუნკას წარსულზე და დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ღონისძიებაზე მიიწვია. 

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ "უკიდურესად სამწუხაროა, რომ ეს მოხდა".

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰუნკა ვაფენ-სს-ის მე-14 გრენადერთა დივიზიაში, მოხალისეთა ერთეულში მსახურობდა, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან შედგებოდა და რომელსაც ნაცისტები მეთაურობდნენ. დივიზიის წევრებს ბრალად სდებენ პოლონელი და ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას, თუმცა ტრიბუნალმა ისინი არც ერთ დანაშაულში დამნაშავედ არ ცნო.

სამშაბათს პოლონეთის განათლების მინისტრმა პშემისლავ ჩარნეკმა განაცხადა, რომ ჰუნკას ექსტრადიციისთვის ნაბიჯები გადადგეს.

როტას გადადგომისკენ მოწოდებას ტრუდოს კაბინეტიც შეუერთდა. სპიკერის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ შეცდომას "სრულიად მიუღებელი" უწოდა.

"არ მგონია, რომ რაიმე ალტერნატივა არსებობს", - განაცხადა მან.

სპიკერის გადადგომას მიესალმნენ ებრაული ორგანიზაციები, თუმცა გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ეს შეცდომა. მაიკლ მოსტინმა, ებრაული უფლებადამცველი ჯგუფის B'nai Brith Canada-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განუცხადა BBC-ს, რომ ინციდენტი "არ შეიძლება დასრულდეს მხოლოდ სპიკერით".

"ჩვენ გვაქვს სიტუაცია კანადაში, სადაც არ ვიცით ჩვენი ისტორია, როდესაც საქმე ეხება ნაცისტ დამნაშავეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში შემოვიდნენ. ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია", - განაცხადა მან.

ოპოზიციის ლიდერმა, პიერ პუალიევრმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრსაც ეკისრება "საერთაშორისო რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად".

"დადგება აქ და მოიხდის ბოდიშს ამ სამარცხვინო შეცდომის გამო?", - განაცხადა მან.

აღნიშნულთან დაკავშირებით იაროსლავ ჰუნკას ან მისი ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 


close დახურვა