ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, "ირანმა ამაღამ დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის". ნეთანიაჰუმ ეს განცხადება ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამართულ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
"ეს [იერიში] ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში"- თქვა ნეთანიაჰუმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ "მსოფლიოს ნათელი ძალები" ისრაელის გვერდით უნდა დადგნენ და თეირანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
"არჩევანი არასდროს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის"- თქვა ნეთანიაჰუმ.
პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ ირანის მხრიდან საფრთხე აღარ არსებობდა და შეტევის დასრულების შესახებ განაცხადეს.
ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 1-ელ ოქტომბერს გავრცელდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.