logo
ENG



ნიდერლანდები უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის

14 ივნ 202319:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/tdmiib6c374stwy.jpg

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.

ამასთან, ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის 150 მილიონი ევროს ღირებულების ოთხ VERA-EG სამეთვალყურეო სარადარო სისტემას შეიძენს.

"რადარების გამოყენება შესაძლებელია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების აღმოჩენის, ლოკალიზაციის, თვალყურის დევნისა და იდენტიფიკაციისთვის. შესაბამისად, ნიდერლანდებს საკუთარი წვლილი შეაქვს უკრაინის ინტეგრირებულ საჰაერო თავდაცვაში.

გარდა ამისა, ხვალ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გამოცხადდება, რომ ნიდერლანდები გამოყოფს 40 მილიონ ევროს მრავალმხრივი პარტნიორობის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც უკრაინას უმოკლეს ვადაში მიეწოდება", - თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, საზენიტო, სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.


close დახურვა