ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამი ამბობს, რომ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტით შეშფოთებულია. როგორც ვან კოლდამი აღნიშნავს, ნიდერლანდების საელჩო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დიდი დონორი და მხარდამჭერია.
"ძალიან შეშფოთებული ვარ ამ კანონპროექტით, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ეს კარგი გზაა რეფორმების პროცესის მხარდაჭერისთვის. ეს ბევრნაირად გამოიყენება საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და არა მხოლოდ თბილისში. ეს არის საშუალება მზრუნველობისა და გვერდში დგომისთვის და ამისთვის ვართ აქ. ამას ვაკეთებთ, რომ სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს, მის მოსახლეობას, რეფორმების პროცესს", - აღნიშნავს ელჩი.
მისივე თქმით, ბევრი ორგანიზაცია მუშაობას ხელისუფლებასთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან:
"ამ მხრივ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ, და როცა გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას. ჩვენ დონორები გამჭვირვალეები ვართ და საუკეთესო ზრახვები გვაქვს".
***
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.