logo
ENG



ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან

05 მარ 202312:22
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებას მოუწოდებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ უმოკლეს ვადებში გვარამიას გათავისუფლება გონივრული გადაწყვეტილება იქნება.

"ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს, ახლა სიჩუმე და გულგრილობა დაუშვებელია.

ვენ, ექიმები ვდგავართ სიმართლის, სამართლიანობის მხარეს, ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას უმოკლეს ვადებში გათავისუფლება იქნება გონივრული გადაწყვეტილება, სწორი როგორც მორალურად, ასევე, იურიდიულად და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა - "ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა" 16 თებერვალს დაფუძნდა. ბრიფინგზე ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ გვარამიას დაკავებით ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.

ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.


close დახურვა