თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 43-პროცენტიანი პირობა კვლავ ძალაშია. ამის შესახებ მან გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.
"ჩვენ ვიცით ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიცია, რომ 43%-იანი პრინციპი არის ძალაში. 115-მა დეპუტატმა მოაწერა ამ შეთანხმებას ხელი. ორი კვირის წინ სიამოვნებით იძახდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა თამაშ გარეთ დარჩა, რა კარგია, განადგურდებიან, მოისპობიან. და დღეის გადმოსახედიდან თურმე კვლავ აქტუალურია ეს საკითხი და ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, ეს ყოფილა პრობლემა.
43%-იანი რეფერენდუმი ძალაშია. ვინმეს, მათ შორის ქართულ ოცნებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 2 ოქტომბერს 43%-იან ზღვარს ახლოსაც ვერ მიუახლოვდება ქართული ოცნება, არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. რა იქნება 3 ოქტომბერს?" - ამბობს მელია.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამასთან, პარტია რიგგარეშე არჩევნები მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
30 ივლისს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება:
"ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას".