ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას კვირის ბოლოს მიაწვდის.
დღევანდელ აქციაზე, როცა ენმ-ის წევრებმა და მოქალაქეებმა ვარდების რევოლუციის 18-წლის თავთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, მელიაც იმყოფებოდა.
ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ პოლიტიკოსებს აქტიური მუშაობა მართებთ და "მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ, მისხალ-მისხალ გაწერილ გეგმას დადებს".
მელიას თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რატომ ითხოვს ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.
"ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება. თქვენც, მეც და ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, არ წაადგება საქმეს ხვალ და ზეგ". - თქვა ნიკა მელიამ.