ე.წ. სუპერ სამშაბათის შემდეგ სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი, სავარაუდოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშება. რამდენიმე ამერიკული მედიაგამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეილი განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.
CNN ამასთან წერს, რომ ნიკი ჰეილი დღეს არ გამოაცხადებს, რომ დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს. ამის ნაცვლად, ჰეილი ტრამპს მოუწოდებს მისი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვოს.
აშშ-ში სუპერ სამშბათი შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე აქტიური დღეა. ამერიკელები 15 შტატში და ამერიკულ სამოაში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების უმეტესობა დათვლილია.
რესპუბლიკურ პარტიაში ნიკი ჰეილი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთადერთი მსხვილი კონკურენტი იყო. ე.წ. სუპერ სამშაბათის პრაიმერიზში ტრამპმა 15-დან 14 შტატში გაიმარჯვა, ჰეილიმ მას მხოლოდ ვერმონტში აჯობა.
ტრამპმა გაიმარჯვა: ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, კალიფორნიაში, კოლორადოში, მეინიში, მასაჩუსეტში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, ტეხასში, იუტასა და ვირჯინიაში.
რაც შეეხება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში მან გამარჯვება მოიპოვა 15-ვე შტატში, თუმცა დამარცხდა ამერიკულ სამოაში.