logo
ENG



ნიკოლენკო: ოდესის დაბომბვით პუტინმა ერდოღანსა და გუტიერეშს სახეში შეაფურთხა

23 ივლ 202216:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/23/es5f67l0zvz2xh6.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ ოდესის დაბომბვით ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტსა და გაეროს მდივანს, ვინც უკრაინასა და რუსეთს შორის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებულ შეთანხმებაში მონაწილეობდნენ, სახეში შეაფურთხა.

ნიკოლენკოს თქმით, თუ სტამბულში დადებული შეთანხმების პირობები არ შესრულდება საკვების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრება.

„24 საათზე ნაკლები იყო საჭირო რუსეთის ფედერაციისთვის, რომ სარაკეტო იერიში მიეტანა ქალაქ ოდესის ტერიტორიაზე, რათა კითხვისნიშნის ქვეშ დამდგარიყო შეთანხმება და პირობები, რომლებიც გუშინ, გაეროსა და თურქეთს წინაშე სტამბულში ხელმოწერილი დოკუმენტით დაიდო.

რუსეთის რაკეტა არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან სახეში შეფურთხება გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მიმართ, ვინც უდიდესი ძალისხმევა გაწიეს, რომ შეთანხმებისთვის მიეღწიათ და რისთვისაც უკრაინა მადლიერია.

უკრაინა ხაზს უსვამს შეთანხმებების მდგრადი განხორციელების საჭიროებას, რათა აღდგეს უკრაინის აგრიკულტურული პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტი  შავი ზღვით სამი პორტიდან: ოდესა, ჩორნომორსკა და პივდენი.

ჩვენ მოვუწოდებთ გაეროსა და თურქეთს, უზრუნველყონ რომ რუსეთმა შეასრულოს მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკუთარი ვალდებულებები. მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს საკვების გლობალური კრიზისის გაღრმავების გამო სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება“ - აცხადებს ნიკოლენკო.

უკრაინიდან ხორბლის გატანის შესახებ კიევის და მოსკოვის შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა

პარასკევის შეთანხმებით, რუსეთმა პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

შეთანხმება გაერომ დაახასიათა, როგორც იმედის სხივი რამდენიმეთვიანი ომის პირობებში. 

უკრაინის არმიის სამხრეთ სარდლობამ განაცხადა, რომ 23 ივლისს, გამთენიისას ოდესის პორტში 2 ბომბი ჩამოვარდა, კიდევ 2 კი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.


close დახურვა