სუპერმარკეტების ქსელის, ნიკორას უსაფრთხოების მენეჯერი, გიორგი ემხვარი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ სამედიცინო მეტროსთან მარკეტის ორ კოვიდინფიცირებულ თანამშრომელს მომხმარებელთან შეხება არ ჰქონია.
ნიკორას უსაფრთხოების მენეჯერის თქმით, ფილიალს დეზინფექცია ჩაუტარდა და ახალი შემადგენლობით განაახლა მუშაობა.
"30 რიცხვში დაუდასტურდა კორონავირუსი ჩვენს თანამშრომელს, დიასახლისს. ცვლებში ვინც იყვნენ, ყველანი გადავიყვანეთ თვითიზოლაციასა და კარანტინში. გუშინ 24 კაცს ჩავუტარეთ PCR ტესტი და იქიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. იმ დღესვე დავკეტეთ სამედიცინოს მეტროსთან არსებული ფილიალი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით ობიექტის სრული დეზინფექცია ჩავატარეთ. ინფიცირებულის ჩვენი კონტაქტები გადავუგზავნეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, დანარჩენი მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულებს მომხმარებლებთან შეხება არ ჰქონიათ - არც დიასახლისს და არც მცხობელს", - აცხადებს ემხვარი.
თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მარკეტ ნიკორას 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა.