ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა იმართება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. შეხვედრის თემა მომავალი არჩევნები და პროპორციული საარჩევნო სისტემაა. ოპოზიცია აქციებსაც აანონსებს. 4 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება იგეგმება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციაში სრული თანხმობაა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით.
„4 თებერვლის აქცია არის გამხსნელი პიკეტირება. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები. მინდა გითხრათ, რომ სრული კონსენსუსია ამ საკითხზე", - განაცხადა ბოკერიამ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, გონს მოეგონ და შეასრულონ როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ისე ქართველი ხალხის დაკვეთა პროპორციული სისტემის შესახებ.
„ოპოზიცია ერთიანია, ვიკრიბებით 4-ში პარლამენტთან. გვაქვს ჩვენი მოთხოვნა და თუ შეეცდება ვადამდელის დანიშვნას, ჩვენ მზად ვართ ოცნება მოვაშოროთ ქვეყნის მართვას და მივმართავ მათ, გონს მოეგონ, საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს საზოგადეობის მოთხოვნას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ დღევანდელი შეხვედრა დღის წესრიგის განსაზღვრას ემსახურებოდა.
„განვიხილეთ მმართველ პარტიასთან დიალოგის შემდეგი რაუნდი და 4 თებერვლის აქცია. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც აწუხებს ყველა პარტიას და უნდა, რომ დადგეს დღის წესრიგში", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ სიტყვას ნულის ფასი აქვს. მისივე განცხადებით, ხალხის დაკვეთაა სისტემა, რომელიც არცერთ პარტიას არ მისცემს ხელისუფლების მიტაცების საშუალებას.
„ხელისუფლების ნათქვამ სიტყვას აქვს ნულის ფასი. ვიცით დიპლომატების განწყობა, ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება. გვინდა სისტემა, რომელიც არცერთ პარტიას არ მისცემს ხელისუფლების მიტაცების საშუალებას", - აცხადებს ბურჯანაძე.
„ლელოში“ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვალდებული იქნება, შეასრულოს საზოგადოების წინაშე დადებული პირობა და ამიტომ, მათთვის საინტერესო იქნება მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი.
„უნდა მოვითხოვოთ იმ პირობის შესრულება, რომელიც დადეს საზოგადოების წინაშე. დღეს იყო საუბარი, როგორი პოზიცია გვაქვს შემდგომ რაუნდთან მიმართებაში. ჩვენ, საბედნიეროდ, გვყავს პასუხისმგებლიანი მედიატორები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ვარიანტებზე და ველოდებით, რა წინადადება იქნება მათი მხრიდან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.