სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა.
როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურს მოისმინოს მელიას პოზიცია მისი გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით.
"უბრალოდ მინდა საუბარი მასთან, მაინტერესებს როგორ არის და დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ზოგადად. მინდა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მისი აზრი გავიგო", - განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვაზე - არსებობს თუ არა სამართლებრივად შესაძლებლობა, მელიამ საპატიმრო გირაოს გარეშე დატოვოს, ომბუდსმენმა თქვა, რომ ეს ძალიან ბევრი ფორმით არის შესაძლებელი.
"ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების და საჭიროებების გამო, ბევრი ვარიანტი არსებობს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, გუშინ, 19 აპრილს, ნიკა მელიამ ფეისბუქპოსტით დააფიქსირა პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომ ის "გარიგებაში არ და ვერ შევა".
მელია თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მისთვის მიუღებელია "მისი თავისუფლებით ვაჭრობა" და "შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები", რაშიც შეთანხმების ტექსტიდან, 20 ივნისის საქმეების ამნისტიას გულისხმობს.
"ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - დაწერა ნიკა მელიამ.
დღის ბოლოს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.
ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.