ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ფორმულას საპატრიარქოს პრესმდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.
გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო. პატრიარქის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონმა მას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართა.
პანსიონატს წლების განმავლობაში მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განცხადება ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ "რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს?".
ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, კვლავაც რჩება 23 ბავშვი.
სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს.
სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს.
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.
ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).