logo
ENG



ნიუ ჰოსპიტალსი: ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

13 ოქტ 202216:10
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვთან ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით ერთ-ერთი არასრულწლოვნის, რომელიც "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

"ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ ამ გართულებებთან ბრძოლისთვის."- განაცხადა დავით ციბაძემ.  

ციბაძის განცხადებით არასრულწლოვანს მიღებული აქვს ელექტრო ტრავმა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მიყვანის შემდეგ მოხდა ინტუბაცია, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა და შემდეგ ის "ნიუ ჰოსპიტალსში" გადმოიყვანეს.

"ბავშვი იმყოფება ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მოსალოდნელი გართულებები მინიმუმ 72 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს."- ამბობს დავით ციბაძე.

დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

მისივე ინფორმაციით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა დასტაბილურდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

რაც შეეხება მესამე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ნოემბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.


close დახურვა