logo
ENG



ნონიაშვილი: ალმას ინიციატივა სიძულვილის ენის რეგულირებაზე საფრთხის შემცველია

07 ოქტ 202113:53
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ კომპანია ალმას ინიციატივა კანონმდებლობით სიძულვილის ენის რეგულირება საფრთხის შემცველია, რადგან ხელისუფლებას ექნება ბერკეტი ჩაერიოს რეკლამის შინაარსში. გარდა ამისა, ის ამას პიარულ სხლას უწოდებს.

"ეს თავად ალმას, როგორც კერძო კომპანიის, გადასაწყვეტი იყო წინასაარჩევნო პროცესში თუ ეს მას რეალურად აწუხებდა, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი სინამდვილეში არაგულწრფელები არიან იმიტომ, რომ ევროპულმა საქართველომ ასევე წინასაარჩევნოდ შეუკვეთა პოლიტიკური სატირის შემცველი ბანერების განთავსება, რომელზეც დღემდე უარზე არიან და საკონტრაქტო ვალდებულებებს არ ასრულებენ, ეს სრულიად არაგულწრფელი პიარული სვლა არის და ასევე საფრთხის შემცველი შინაარსში შესვლიდან გამომდინარე", - განაცხადა ნონიაშვილმა.

კომპანია ალმა მოითხოვს, რომ სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი ბილბორდები კანონით აიკრძალოს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით კომპანიამ პარლამენტს უკვე მიმართა. წინასაარჩევნოდ სიძულვილის შემცველი ბანერები სწორედ ალმას ბილბორდებზე გამოჩნდა, რის გამოც კრიტიკის ობიექტი გახდა.

"ზემოაღნიშნული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, ა.წ. 2 ოქტომბერი, შპს ალმამ დაუყოვნებლივ უზრუნველყო აღნიშნული სარეკლამო ვიზუალების ჩამოხსნა და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას.

ამას გარდა, ა.წ. 3 ოქტომბერს, ორშაბათს შპს ალმამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" და "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანა, რამაც უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერს გადააკრეს.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი ჩამოიყვანა.

სწორედ მოშე კლუგჰაფტი იყო 2018 სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და სტრატეგიული მრჩეველი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე მის ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერები იყვნენ გამოსახული, პარალელურად, ქუჩებში გამოკრული იყო სისხლის ფონზე გამოსახული წინა ხელისუფლების წევრთა ბანერები. 


close დახურვა