logo
ENG



ნონიაშვილი: სოლიდარულები ვართ, თუმცა ენმ-ს პარტიულ აქციებს არ შევუერთდებით

08 ოქტ 202117:06
3 წუთის საკითხავი
 
ნონიაშვილი: სოლიდარულები ვართ, თუმცა ენმ-ს პარტიულ აქციებს არ შევუერთდებით

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, პარტია სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერ აქციებს არ შეუერთდება. 

„ჩვენ ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, თუმცა ევროპული საქართველო ნაციონალური მოძრაობის პარტიულ აქციებს არ შეუერთდება. ეს აქციები არის უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის აქციები და ცხადია, რომ აქციაზე იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, შესაბამისად ევროპული საქართველო აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი", - ამბობს ნონიაშვილი. 

გუშინ, 7 ოქტომბერს ენმ-ს პოლიტსაბჭოზე პარტიის წევრებმა მასშტაბური აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, აქცია უახლოეს დღეებში თბილისში გაიმართება და მასშტაბური იქნება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.  

დაკავების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. 

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.


close დახურვა