ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, დააკავეს უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც რუსეთისთვის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
ოსლოს შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (PST) სამსახურში მიმავალი კაცი დააკავა მას შემდეგ, რაც "ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებისთვის" საფრთხედ განსაზღვრეს.
ბრალდებული, რომელზეც ამბობენ, რომ 30 წლისაა, თავს წარმოაჩენდა ბრაზილიელ აკადემიკოსად, მაგრამ სინამდვილეში რუსი იყო.
მოსკოვის საელჩომ ოსლოში ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ დაკავებულის ვინაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
ნორვეგიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბრალდებული ტრომსოს უნივერსიტეტში 2021 წლიდან მკვლევრად მუშაობდა. ადვოკატი ამბობს, ის ბრალდებებს უარყოფს.
PST-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰედვიგ მოემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებლები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ამ პირს შესაძლოა "ჰქონოდა ქსელი და ინფორმაცია ნორვეგიის პოლიტიკის შესახებ" ქვეყნის ჩრდილოეთით.
"იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს სამეფოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ რუსეთმა შესაძლოა ეს ბოროტად გამოიყენოს", - დაამატა მან. მოემ უარი თქვა განემარტა, რა გახდა კაცის დაკავების მიზეზი და მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს "სწორი მომენტი იყო, რათა შეწყვეტილიყო მისი საქმიანობა".
ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ბრალდებული ნორვეგიაში რუსეთის ე.წ. არალეგალური პროგრამის ფარგლებში მოქმედებდა.
რუსული სპეცსამსახურები, რასაც KGB ცივი ომის დროს იყენებდა, ქმნიან ყალბ პირადობას და "ლეგენდებს" ჯაშუშებისთვის, სანამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუშვებენ.
"არალეგალური აგენტები არიან ტალანტების მზვერავები, რომლებიც აგენტებს აგროვებენ შემდგომისთვის და ამზადებენ ნიადაგს სხვა ჯაშუშებისთვის ტრადიციული სადაზვერვო სამუშაოების შესასრულებლად. არალეგალი აგენტის ყოლა ხანგრძლივი პროექტია. დიდი ფული ჯდება. ძირითადი სახელმწიფო აქტორები მხოლოდ მათ იყენებენ და ცნობილია, რომ რუსეთს ისინი აქამდეც გამოუყენებია", - თქვა მოემ.
დაკავებულის ვინაობა ოფიციალურად იდენტიფიცირებული არაა, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ სოციალური ქსელების თანახმად, მან 2018 წელს მაგისტრის ხარისხი მოიპოვა კალგარის უნივერსიტეტში სამხედრო, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების განხრით.
ბრალდებული გასული წლის დეკემბერში ნორვეგიაში მკვლევრების ჯგუფთან სამუშაოდ ჩავიდა, რომელიც ნორვეგიულ სახელმწიფო ორგანოებთან "ჰიბრიდულ საფრთხეებზე" მუშაობდა, რომელიც დაკავშირებული იყო არქტიკულ ნორვეგიასთან.