ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელდა. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით დააკავა.
ბექა ოდიშარიას აზრით, ამ ადამიანებმა "ხელი შეუწყვეს, რომ დაეკავებინათ". მისი თქმით, მათი ბრალეულობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაირკვეს.
"ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში", - ამბობს ბექა ოდიშარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა.
სუს-ის თანახმად, ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით და ორივე უკანონოდ დაკავებულ პირს ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა". ისინი ამჟამად აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში იმყოფებიან.
სუს-ში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.