ოპოზიცია აცხადებს, რომ ჯარიმები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაეკისრათ მოქალაქეებს, სრულად უნდა გაუქმდეს. მათი თქმით, დაწესებული ჯარიმები არაპროპორციული იყო და პირები ჯარიმდებოდნენ შერჩევითად.
მათ აქვთ ვარაუდი და ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები უკანონოდ ახერხებდნენ ქალაქში უკანონოდ გადაადგილებას, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ამაზე რეაგირება არ მომხდარა.
„ევროპული საქართველო ითხოვს ჯარიმების ჩამოწერას რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - ეს არის არაპროპორციულობა, 3 და 15-ათასლარიანი ჯარიმები არის ზედმეტად მაღალი ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის; მეორე - ეს არის შერჩევითობა, თავიანთ ახლობლებს აძლევდნენ უფლებას, რომ გადაადგილების უფლება ჰქონოდათ, მეორე მხრივ, ეკლესიას აძლევდნენ უფლებას, რომ გვერდი აევლო შეზღუდვებისთვის. ამ დროს ცალსახად უსამართლო ხდება ყველა ჯარიმა, რომლეიც ამ დროს არის გამოწერილი. და მესამე - ეს არის თვითონ შეზღუდვების უაზროობა, ცოლ-ქმარი რომ დააჯარიმეს იმის გამო, რომ გვერდი-გვერდ ისხდნენ მანქანაში, ამაზე დიდი უაზრობა რა შეიძლება იყოს? კომენდანტის საათი რა შუაში იყო საერთოდ, ვირუსის გავრცელებას აბრკოლებდა? მთლიანობაში ეს ჯარიმები არის გასაუქმებელი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს, რომ მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების გადახდა 3 თვის ვადით გადავადდეს. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, სახელმწიფო მოქალაქეებს არაფრით არ დახმარებია, შესაბამისად სრულიად წარმოუდგენელია საიდან უნდა დაფარონ ამ ადამიანებმა ჯარიმები.
„ჩვენ დაახლოებით სამი კვირის წინ მოვითხოვეთ, რომ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ჯარიმები ყოფილიყო გაუქმებული. დავიწყეთ კამპანია, მოქალაქეებს მოვუწოდებთ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და მათთან ერთად ვიბრძოლებთ არაადამიანური, დრაკონული, ყოვლად დიდი ჯარიმების გასაუქმებლად. რაც შეეხება სხვა ჯარიმებს, მათი გადავადება მინიმუმ სამი თვით უნდა მოხდეს, ისევე როგორც საბანკო დავალიანების, რადგან ადამიანებს სახელმწიფო არაფრით არ დახმარებია, შესაბამისად სრულიად წარმოუდგენელია საიდან უნდა გადაიხადონ ამ ადამიანებმა ეს ჯარიმა“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საშეღავათო პერიოდი დასრულებულია - საგანგებო მდგომარეობის დროს შეჩერებული ჯარიმებისა და საურავების გადახდა მოქალაქეებს დღეიდან მოუწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრები კი მოქალაქეების მიღებას მომავალი კვირიდან შეძლებენ.