logo
ENG



ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ საქართველოშია - შაბათის ფორმულას კადრები

20 სექ 202321:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/3t0e2hgcexfg2xx.png

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ საქართველოშია. ამის შესახებ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში დავით ქაშიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას შაბათის ფორმულას ეთერში გააჟღერებენ.

"ის, რომ ნამდვილად საქართველოშია ფარცხალაძე ამის შესახებ სხვადასხვა წყაროდან გვქონდა ჩვენ ინფორმაცია, რომ ის ნამდვილად ჩამოვიდა, არ ვიცი, გუშინ, არ ვიცი, დღეს და საქართველოში იყო. ჩვენმა დრონმა დააფიქსირა ის საკუთარ ეზოში. თუ დააკვირდება მაყურებელი, კადრში ჩანს, სტუმრიანობა აქვს, საკმაოდ ბევრი ავტომობილია მის ეზოში. და ის კაცი, რომელიც ზის ახლა, ის არის თავად ოთარ ფარცხალაძე.

ცოტა ხანში, დაცვა დაინახავს, რომ დრონი ძალიან მიუახლოვდა ამ ვილას, შეამჩნევენ ჩვენს დრონს, შემდეგ რამდენიმე მანქანა გამოდის ამ ეზოდან და სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ეს კადრები არის დაახლოებით ორი საათის წინ გადაღებული.

მტკიცებით ფორმაში, გადაჭრით ვერ ვიტყვით, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კაცი არის ოთარ ფარცხალაძე. ვიდეოს გაშიფვრის შემდეგ, სიუჟეტში მოვუყვებით", - განაცხადა მან.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.


close დახურვა