MANIFEST.GE-ზე მოქალაქე ლელა გიორგობიანმა ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დასახმარებლად პეტიცია გააკეთა. პეტიციაში მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართვას თხოვენ.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი,მეგობრები და კოლეგები მოვუწოდებთ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაგვეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ," - წერია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში იმყოფება. მას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.