რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარედ მოკლული საქართველ მოქალაქე, თამაზ გინტურია.
რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ მოქალაქეს, ის ლევან დოთიაშვილია.
გინტურის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოასვენეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია.
***
სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი გაიტაცეს.
მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა "ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას".
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თანახმადაც, "მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ."
"მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად", - წერია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები "სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა". პარტიები დროა და გირჩი - მეტი თავისუფლება ამბობენ, რომ "ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია - ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს. საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და მეორე მოქალაქის გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ფაქტთან დაკავშირებით საგამოძებო მოქმედებები" მიმდინარეობს.