ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა - მან ოჯახს თანადგომა გამოუცხადა და მისი ოჯახის გამოცდილება გაუზიარა.
როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმი ახალ მეთოდებს მიმართავს მოსახლეობის დასაშინებლად და ახლა უკვე სისხლის სამართლის საქმეებს ედავება გატაცებულებს.
ექიმის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს ქართულმა საზოგადოებამ სიმართლე და ერთიანობა უნდა დაუპირისპიროს.
„მე და ჩემი მეუღლე ვესტუმრეთ გახელაძეების ოჯახს, რათა გამოვუცხადოთ მხარში დგომა და თანადგომა. ეს სიტუაცია ჩემს ოჯახს გავლილი აქვს საკმაოდ მწვავედ და იციან, რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს. პირველ რიგში საჭიროა ოჯახის მხარში დადგომა - გაუგონარი ფაქტია ზაზას გატაცება, ბოლო ათ წელში ასეთი არაფერი გამიგია.
არ შეიძლება მან თავი იგრძნოს მარტო - უნდა დავუდგეთ მათ მხარში. ჩვენი ერთიანობის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. ყოველდღიურად ახალ ამბებს ავრცელებენ. გოჩა მღებრიშვილს თურმე ღამურების კოლექცია ჰქონდა, გამოჩნდება ვინმე, ვინც, შეიძლება თავდასხმას ამზადებდა. ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და ერთიანობა.
კავშირები გაძნელებულია და სამწუხაროდ, ალბათ ზაზასაც წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ. ახალ პოლიტიკას აწარმოებს ე.წ. ცხინვალი - არა მარტო საზღვრის კვეთას, სისხლის სამართლის დანაშაულს უყენებენ. ზაზას 5-დან 10 წლამდე მუხლი ემუქრება. უნდათ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იქით აღარ გაიხედოს.", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან - გატაცებისას ის ფეხში დაჭრეს. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თვითონ იყო დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ - ექიმს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ.