დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბ "ცსკა"-ში გადასვლას ეხმაურება.
როგორც ჭიღლაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან გმირების საფლავებზე დაფურთხებაა".
სასულიერო პირი სპორტსმენის გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდებს. ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ შენგელია ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაირიცხოს.
"თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილება საქართველოს დაუძინებელი მტრის, ოკუპანტი რუსეთის კლუბში გადასვლის შესახებ, რბილად რომ ვთქვა არის სამარცხვინო და მოღალატეობრივი ანტიპატრიოტული ნაბიჯი, უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართველთა ნაწილი ამას ვერ იაზრებს და ამართლებს თორნიკეს ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ერად ვერ ჩამოვყალიბდით, ჯერ კიდევ ტომი, ან ჯოგი ვართ, რომელსაც ღირსება და სამოქალაქო თვითშეგნება არ გააჩნია, პირადი გადარჩენის ინსტინქტებით ვაზროვნებთ. მართებულია და ზედმოჭრილი დიდი მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები: “ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, სამშობლო ის ეგონა”.
აფხაზეთის და ჩრდილო ქართლი ვიდრე ოკუპირებულია, ვიდრე ქართველებს ხოცავენ და იტაცებენ, ვიდრე შენი თანამემამულეები გამოყრილი არიან მათი სახლებიდან რუსეთის ძალით, ვიდრე "ანწუხელიძეებს" და "ტატუნაშვილებს" გვიხოცავენ, შენგელიების კოლაბორაციონიზმი რუსეთთან არის ამ გმირების საფლავებზე დაფურთხება. სიბრიყვეა იძახო პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვააო, მამულიშვილობა და პატრიოტიზმი სპორტსაც სჭირდება და სპორტსმენსაც! დაუყოვნებლივ გასარიცხია საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ოკუპანტის სამსახურში გადასული, ვინც არ უნდა იყოს იგი", - წერს დეკანოზი.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.
შენგელიას ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოსკოვის გუნდში გადასვლა მისთვის მიუღებელია.
თავად შენგელია ამბობს, რომ ის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ “ცსკა”-სთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს.
სპორტსმენის რუსულ გუნდში ტრანსფერს მისი მამაც გამოეხმაურა. კახა შენგელიას თქმით, 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სასიხარულო და მოსალოცი ამბავია.
გარდა ამისა, მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, თორნიკე შენგელია ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას.